Beka Gochiashvili in tour (Georgian version)

ჩვენს პატარა ქვეყანას, საქართველოს, თავისი მდიდარი ისტორიის, კულტურის, ხელოვნების მემკვიდრეობით, რომელიც ათასობით წელს ითვლის, განუმეორებელი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო კულტურის საგანძურში.
ბექა გოჩიაშვილი, ქართველი ჯაზ მუსიკოსი, რომელმაც პატარა ასაკიდან გაუთქვა თავის სამშობლოს სახელი, დაიბადა 1996 წლის 11 მარტს. მამამისი, ვალერი გოჩიაშვილი, თავად მუსიკოსი, მამაჩემის საყვარელი მოსწავლეა, რომელსაც შეასწავლა თითქმის ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ვალერი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ პატარის ნიჭისთვის ფრთები შეესხა.
ბექამ პიანინოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. ახლაც კარგად მახსოვს, ზაფხულობით, ჩვენს სოფელში, ჩვენს სახლში, მამამის რომ მოჰყავდა ხოლმე, თავისი პატარა, საყვარელი, ბოთო-ბოთო თითებით, როგორ აწკარუნებდა პიანინოს. ჩემთვის აქვს ნათქვამი: “თითამი, ( ასე მეძახდა ხოლმე ბავშვობაში ), დადგება დღე, როდესაც ჩემს დიდ კონცერტზე მოგიწვევო.” მეც გაბრწყინებული შევციცინებდი თვალებში და მჯეროდა მისი ოცნებების.
6 წლის ბექა, მამამ ცნობილ ქართველ მუსიკოსს, ზურა რამიშვილს მიაბარა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიულ წინსვლაში. გარდა ამისა ბექას ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა ცნობილმა ჯაზ მუსიკოსმა თამაზ (თათუზა) ყურაშვილმა, საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ და ჯაზის მოყვარულებმა ბებე ლორთქიფნიძემ და ამერიკელმა ქართველებმა გია და ნონა შენგელაიებმა.
ის ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და უკვე მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ ფესტივალებში და გაიმარჯვა სხვადასხვა კონსკურსებში. ბექა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის, The Juilliard School-ის კურსდამთავრებულია, სადაც მისი სწავლა და ცხოვრება სრულად დააფინანსა საქრთველოს ხელისუფლებამ 2009-2013 წლებში. იგი უკრავს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Chick Corea, Lenny White, Stanley Clarke და კონცერტები აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
ამერიკელი მუსიკოსებიდან ლენი უაითია პირველი, ვინც აღმოაჩინა 11 წლის ბექას უნიკალური ნიჭი და მას შემდეგ მისი მეგობარი და მენტორი გახდა.
ბექა 12 წლის იყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის, Condoleezza Rice- ის გულიც დაიპყრო.
დღეს იგი იმყოფება, ჩემს საყვარელ ქვეყანაში, იტალიაში, კერძოდ სარდინიის კუნძულზე, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე იღებს მონაწილეობას. მან შეძლო ტალანტით სავსე იტალიელების მონუსხვაც და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ყველა ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი ამას ღრმად ვიწამებთ.
მინდა ბექას ვუსურვო უამრავი წარმატებები და ვუთხრა, რომ ძალიან მეამაყება. მე ვამაყობ შენით, ბექა. ვამაყობ იმით, რომ გენიოსი ხარ, ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ხარ და კიდევ იმით, რომ ქართველი ხარ!

Tsisnami Sakvarlishvili

> Leggi la versione in italiano

Please follow and like us: